logo
ENG



ბათუმში, ხანდაზმულთა პანსიონატის 5 მობინადრეს და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

15 სექ 202000:12
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში, ხანდაზმულთა პანსიონატის 5 მობინადრეს და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში, ბათუმში ხანდაზმულთა პანსიონატის 5 მობინადრეს და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

როგორც პანსიონატის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ ფორმულას განუცხადა, აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატის ყველა თანამშრომელს და მობინადრეს ტესტირება ჩაუტარდა. დეკანოზმა ასევე თქვა, რომ შენობას დეზინფექცია დილით ჩაუტარდება.

"ყველა თანამშრომელს და მობინადრეს აქვს აღებული ტესტირება. ჯანდაცვის სამსახურიდან ეპიდემიოლოგები იყვნენ მოსულები, რომლებმაც რეკომენდაციები მოგვცეს. ვიცავთ ამ რეკომენდაციებს და ველოდებით ტესტების პასუხებს. გვითხრეს, რომ ხვალ დილისთვის უნდა მოვიდნენ და ჩაუტარებენ დეზინფექციას". -განაცხადა დეკანოზ იოანე ბარამიძემ.

ასევე დეკანოზ ბარამიძის ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტებიდან ერთი ბათუმის რესპუბლიკურშია გადაყვანილი, 4 კი ქობულეთში.

„ჩვენი ინფორმაციით, ჩვენი მობინადრეებიდან ერთი არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და 4 არის ქობულეთში გადაყვანილი“,-ამბობს დეკანოზი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 392 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.


close დახურვა